18.5.18

"მრგვალი მაგიდა"


 2018 წლის 18 მაისს სოციალური პროექტის ფარგლებში „სკოლაში ძალადობის პრევენცია და რეაგირება“ ჩატარდა მრგვალი მაგიდა „სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობა მოსწავლეთა შორის აგრესიის დასაძლევად“, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი ეფემია ხარაძე.
მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შეფასებას და, მეორე მხრივ, მოსწავლეთა მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ალტერნატიულ გზებზე მსჯელობას.




სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა გულნაზ ხორბალაძემ შეკრების მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ. მან ისაუბრა მოსწავლეთა შორის გავრცელებული ბულინგის შემთხვევებსა და ფაქტებზე, პრობლემის სიმწვავესა და აქტუალობაზე; განმარტა, რომ პროექტის მიზანს შეადგენდა მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული პრევენციის სისტემის შექმნა, სკოლაში ძალადობისგან თავისუფალი, თანასწორობასა და პატივისცემაზე დამყარებული გარემოს შექმნა. შემდეგ დირექტორმა წარმოადგინა პროექტის ძირითადი ეტაპები, განხორციელებული აქტივობები: სამუშაო ჯგუფების ფორმირება, სადიაგნოსტიკო კვლევა, სკოლის ფსიქოლოგის ტრენინგები მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან, თემატური კონკურსები, პროექტის ფარგლებში შექმნილი მატერიალური და ელექტრონული რესურსები.
მომხსენებელმა ისაუბრა პროექტის შედეგიანობაზე და გამოყო 3 მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება: ა) მოსწავლეების აქტიური ჩართულობა დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ გაუჩნდათ პროექტში თანამონაწილეობის განცდა, მოხერხდა, რომ მათ ემსჯელათ ძალადობის ფაქტებზე, გამოეთქვათ ალტერნატიული აზრები, გამოეხატათ ემოცია, ჩამოეყალიბებინათ დასკვნები. მოსწავლეთა გააქტიურების მიზნით გამოვიყენეთ ვიდეოფილმების ჩვენება, კონფლიქტური სიტუაციების განხილვა, როლური თამაშები და ელექტრონული პრეზენტაციები.
ბ) სკოლის ფსიქოლოგისა და მოწვეული სპეციალისტების აქტიური ჩართულობით სერიოზული ნაბიჯები გადავდგით ბულინგის მართვაში მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგების ცნობიერების ასამაღლებლად. გადავახალისეთ სადამრიგებლო პროგრამები, შევიტანეთ მასში ბულინგის პრევენციის საკითხები, გავწერეთ, თუ რა სააღმზრდელო ნაბიჯები უნდა გადაიდგას ძალადობის აღმოსაფხვრელად. პროექტის ფარგლებში ჩატარებული საგანმანათლებლო-საკონსულტაციო მუშაობა მოიცავდა ამომწურავ ინფორმაციას ბულინგის არსზე, მის ძირითად ფორმებზე, გამომწვევ მიზეზებზე, აგრესორის, მსხვერპლის, მაყურებლის დიაგნოსტირებაზე, რადგან მოსწავლეები მიუთითებდნენ, რომ ხშირად არიან აგრესიული ქმედებების მსხვერპლი. მოსწავლეთა შორის ვმუშაობდით თვითრეგულირების უნარების გამომუშავებაზე, რისთვისაც ვაცნობდით თავდაცვის ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილ სტრატეგიებს.
გ)  ჩატარებული პროექტის ეფექტურობაზე მოუთითებს მასწავლებლებისა და მოსწავლეთა თანამშრომლობით შექმნილი რესურსი: სლოგანები, ფლაერები, პლაკატები, ელექტრონული პრეზენტაცია, ინტერნეტ-გვერდი.
მომხსენებელი შეეხო პროექტის განხორციელებისას გამოვლენილ პრობლემებს:
პედაგოგებს უჭირთ ბულინგის დიაგნოსტირება, ხშირად მოსწავლესთან ურთიერთობებში შემოიფარგლებიან მშრალი მორალიზებით,   მოსწავლეთა ძალადობრივი ქმედების შემთხვევებს აღიქვამენ, როგორც გაუცნობიერებელ აქტს და არ აკავშირებენ ბულინგთან;
პრობლემებია მოსწავლეებისა და მშობლების ურთიერთობებში, მათი ერთი ნაწილი იჩენს ავტორიტარულ  დამოკიდებულებას, გადაჭარბებულ სიმკაცრეს, ფიზიკურად სჯის, ვერ თანამშრომლობს ბავშვთან.
დირექტორმა აღნიშნა, რომ კვლევის პროცესმა გამოკვეთა მოსწავლეთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების ფორმების გადახედვის აუცილებლობაც  და სთხოვა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გამოეთქვათ აზრი ამ საჭირბოროტო საკითხზე.
დისკუსიის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა და გამოთქვეს შემდეგი მოსაზრებები:
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები ძალადობის პრევენციისა და რეაგირების ალტერნატიულ გზებზე:
1.       მცირე დისკუსია გამოიწვია  სკოლაში რელიგიის სწავლების თემამ. მშობელთა ერთმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებში აგრესიის განელებას ხელს შეუწყობს ქრისტიანული ფასეულობებისა და პრინციპების დანერგვა, თუმცა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა რელიგიის ან რელიგიების ისტორიის სწავლების შემოღებას, რადგან  სკოლა წინააღმდეგობაში მოვა არსებულ კანონმდებლობასთან.

2.      ემპათიის გრძნობის გასაღრმავებლად მშობლებმა მხარი დაუჭირეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირების შემდეგ ფორმებს:
ა)  „სასარგებლო დასჯას“, რომელშიც მოიაზრებენ : გაჭირვებულების, ობლების, სოციალურად დაუცველების, მოხუცებისა და ავადმყოფების დახმარებას; აგრეთვე სკოლისათვის სასარგებლო აქტივობებს (ნარგავების გამწვანება, კლასისა და ეზოს დასუფთავება, ბიბლიოთეკის წიგნების რესტავრაცია).
 ბ)  ბულერ მოსწავლეებთან მიმართებით მიზანშეწონილად ჩათვალეს, პრევენციის მიზნით მათ დაევალოთ ძალადობის თემაზე პროექტების დაწერა და მათი პრეზენტაცია (რათა მათ გამოკითხონ მოსწავლეები, ჩაწვდნენ „მსხვერპლის“ ემოციურ მდგომარეობას).

3.      სკოლის  6 3 კლასის დამრიგებელმა, თამარ ქუთათელაძემ, მრგვალი მაგიდის წევრებს გაუზიარა საკუთარი ხედვა. პედაგოგი საჭიროდ თვლის, რომ  საზოგადოება   გათავისუფლდეს ისტორიული ტენდეციებისგან (მარგინალიზება, სტიგმების მიკერება, ავტორიტარიზმი).  გამოსავალს ხედავს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობაში. თვლის, რომ უნდა შემოვიღოთ მშობლის წერილობითი ინფორმირება სკოლის საგანმანათლებო პროგრამაზე. მან მოიწონა ბულინგის დიაგნოსტიკის მიზნით სკოლის ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული ტრენინგები. პედაგოგმა განაცხადა, რომ მომავალ სასწავლო წელს თავადაც გეგმავს ამ თემაზე კვლევის ჩატარებას და შეეცდება რისკის მქონე მოსწავლეების ჩართულუბით  სასკოლო წესების შეცვლას.

4.       თსუ-ს პროფესორმა ქალბატონმა ეფემია ხარაძემ დადებითად შეაფასა სასკოლო პროექტის ფარგლებში ძალადობის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებები.  მან აღნიშნა, რომ მოზარდის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ორი  მთავარი ფაქტორი:  ასაკობრივი თავისებურებები და თანამედროვე ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ინფორმაციის  უკონტროლო ნაკადი. მან მხარი დაუჭირა ძალადობის ფაქტზე რეაგირებისას „სასარგებლო შრომით“ დასჯას და სკოლის შინაგანაწესში მიზანშეწონილად მიიჩნია ამ კუთხით ცვლილების შეტანა.


სკოლის დირქტორმა დასკვნით სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებს შორის ძალადობას  მხოლოდ გულისტკივილის გამოხატვით, ლოზუნგებით, აკრძალვებით ვერ გავუმკლავდებოდით; ძალადობის პრევენციის კუთხით მიღწეული   პოზიტიური განწყობა რომ შევინარჩუნოთ, სისტემური და სისტემატური ხასიათი უნდა მივცეთ სააღმზრდელო პროცესს, მასში აქტიურად ჩავრთოთ სკოლის ყველა სეგმენტი. მხოლოდ ასე შევძლებთ მოსწავლეებში ყალბი ღირებულებების გადაფასებას და მათ ჩანაცვლებას საზოგადოებრივი ფასეულობებით.













No comments:

Post a Comment