დასრულდა სასკოლო ლიტერატურული კონკურსი  „ჩემი პროზა“.  მადლობას ვუხდით  კონკურსის მონაწილეებს  საინტერესო ნაშრომებისათვის. გამარჯვებულებს კი  ვულოცავთ ღირსეულ წარმატებას, ვუსურვებთ შემოქმედებით მიღწევებს და   ბედნიერ მომავალს.
გთავაზობთ გამარჯვებული მოსწავლეების ნაშრომებს საფეხურების მიხედვით.

თემები:
VII-IX კლასებისათვის -  „ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე“ (გურამ დოჩანაშვილი „სამოსელი პირველი"); 
X-XII  კლასებისათვის -  „სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი...  (გურამ დოჩანაშვილი „სამოსელი პირველი); 

საბაზო - III ადგილი
ნინო ოთიაშვილი - 7-1
ჩვენი ქალაქი
      ჩემი ქალაქი  ლამაზი, ჭრელი და  მხიარულია. აქ ყველას სიმღერა და ცეკვა უყვარს. მე ენი მქვია, მყავს მხიარული ოჯახი, პატარა ძმა, დედა და მამა. ჩემი ძმა 10 წლისაა. ის ჩემი მესაიდუმლე და საუკეთესო მეგობარია. მე ძალიან მიყვარს სათავგადასავლო ფილმები და ყოველთვის ვუყურებ მათ. ერთ დღესაც მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, ახალი საინტერესო ადგილი აღმოგვეჩინა ჩვენს ქალაქში, ამიტომ დავიწყეთ  ძიება. რა თქმა უნდა, პირველი, რასაც ნახავთ ჩვენს ქალაქში ჩამოსვლისას, ეს ბაბუა თომას სანამცხვრეა, სადაც მზადდება ყველაზე გემრიელი ნამცხვრები. შემდებ ნახავთ ათასფრად მოხატულ და ძალიან  ლამაზ სახლებს.
ერთ–ერთ სახლში მეც ვცხოხვრობ. რაც მე და ჩემმა ძმამ  აღმოვაჩინეთ, ეს პატარა ძველი მაღაზია იყო, სადაც ერთი მოხუცი კაცი ანტიკვარულ ნივთებს ყიდდა. ჩვენ ძალიან დაგვაინტერესა ამ მაღაზიამ, ამიტომ შიგნით შევედით :
 –გამარჯობათ , ბავშვებო! –გვითხრა გამყიდველმა ბაბუამ.
–გამარჯობა...ყველაზე საინტერესო ნივთი რა გაქვთ?– ჰკითხა ლიზიმ.
–აი ეს ბოთლი , რომელშიც წერილი დევს, 10 დოლარი ღირს!
–და რა წერია იმ ფურცელზე? - ჰკითხა გიორგიმ.
–არავინ იცის!
–დიახ, ვიყიდით!–ვუთხარი მე და ბოთლით ხელში გამოვედით მაღაზიიდან.
–მოდი, გავხსნათ– მითხრა გიორგიმ.
–კარგი.
როცა გავხსენით ბოთლი, ძლივს ამოვიღეთ ფურცელი, შიგნით კი რუკა იყო, რომელიც ჩვენს სახლზე მიგვითითებდა. რუკას გავყევით და ერთ ეზოს მივადექით. გზა მთავრდებოდა. იმ ეზოს ერთი ხე დიდი ნიშნით იყო აღნიშნული. ხესთან თხრა დავიწყეთ და  ვიპოვეთ ჩემოდანი. როცა ჩემოდანი გავხსენით, ჩვენი ქალაქის ნამდვილი ისტორია ვიპოვეთ. ისტორიას ეტყობოდა, რომ ძალიან ძველ დროს იყო დაწერილი. თურმე ჩვენს ქალაქზე არაფერი გვცოდნია, ნამდვილი ისტორია ძალზე საინტერესო აღმოჩნდა და ამის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ნამდვილი თავგადასავალი ჩვენი ქალაქის შესახებ ჩვენ აღმოვაჩინეთ.
     თურმე ჩვენი ქალაქი ადრე ჯადოსნური იყო და აქ მხოლოდ ჯადოქრები ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ დღესაც ერთმა ბიჭმა, რომელიც ძალიან ბოროტი აღმოჩნდა, გაანადგურა ყველანაირი ჯადოსნური ხელსაწყო და თვითონ ეს ქალაქიც! დიდი ხნის შემდეგ აქ ჩვეულებრივმა ადამიანებმა დაიწყეს ცხოვება და ასე გაჩნდა ჩვენი ქალაქი: ,,გრინდელლენდი’’. მე და ჰარიმ კი ჩვენი ოცნება ავიხდინეთ და გადაგვხვდა არაჩვეულებრივი თავგადასავალი....რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. ჩვენ აღმოვაჩინეთ ჩვენი ქალაქი...

საბაზო - III ადგილი
ანდრია კასრელიშვილი - 8-3 კლასი
მოსიყვარულე ტიფ-ლისი
      ადრეულ დროში, სანამ ქვეყნიერების დროის ათვლა  დაიწყებოდა, სამყაროს თვალს ადევნებდნენ სულები და ღმერთები. ბოლოს იპოვეს პლანეტა დედამიწა, სადაც ცხოვრობდნენ არსებები, სახელად ადამიანები. მაგრამ ისინი არეული იყვნენ, ამიტომ ერთხელ ღმერთებმა დაალაგეს და დაყვეს დედამიწა და დაწესებულ ადგილებსქალაქიუწოდეს. ღმერთების ენაზექალა-ქინიშნავდა საცხოვრებელ ადგილს.
     ერთხელ ღმერთებმა ტიფიმ და ლისინდრამ იპოვეს მივიწყებული ადგილი, მას სახელიც კი არ ჰქონდა, ღმერთებმა იგი ააყვავეს, გააცოცხლეს და ფერებით გაავსეს. აქ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, სხვადასხვა ადგილებიდან მოდიოდნენ, ღმერთების სადიდებლად და პატივსაცემად ადგილს ტიფლისი უწოდეს.
     გავიდა წლები, ათწლეულები, საუკუნეები. ტიფლისი ისევ აყვავებული და შესანიშნავი ქალაქი იყო, იმდენად მშვენიერი, რომ მისი დაპყრობა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. 
     ერთხელ ტიფლისს რჩეული ღმერთები გამოეცხადდნენ (ტიფი და ლისინდრა) და უთხრეს, რომ მათ არავისი არ უნდა შეშინებოდათ. ასეც მოიქცნენ, კიდევ რამდენჯერმე სცადეს მისი დაპყრობა, მაგრამ უშედეგოდ.
     დედამიწის დაყოფის დროს შეიქმნა ქალაქი ტიფლისის მახლობლად, მას მოსკოვი უწოდეს, რომელიც ტიფლისის დაპყრობას ყოველთვის ცდილობდა მაგრამ, ღმერთების სიტყვით, ტიფლისს არაფერი უშავდებოდა. ერთხელაც ტიფმა და ლისინდრამ მოსკოვის ღმერთებს მიაკითხეს და უთხრეს, რომ ტიფლისის დაპყრობის მცდელობა უნდა შეეწყვიტათ, მოსკოვის ღმერთებმა უარი უთხრეს და ომი გამოუცხადეს ( ეს ღმერთების ომი იყო). სამწუხაროდ, ტიფლისი ომში დამარცხდა და მოსკოვის ღმერთს შესაწყალებლად ორი ქალაქი აჩუქა; აფხაზეთი და ქართლი. სამწუხაროდ ტიფლისელებს გაუჩნდათ ეჭვი რომ ისინი სულაც არ იყვნენ ტიფლისელები, ხანდახან არც ახსოვდათ და არც იცოდნენ, ვინ იყვნენ ისინი და რა დიდებული ქალაქი იყო ტიფლისი. მათ სახელის შეცვლა მოუნდათ, მაგრამ იცოდნენ, რომ სახელის შეცვლა ხალხს ააჯანყებდა, ამიტომ ქალაქის სახელი გადააკეთეს დათბილისიუწოდეს. ეს ხალხის პირველი შეცდომა იყო თბილისში, და არა უკანასკნელი. ამიტომაც არის, რომ იციან, სად ცხოვრობენ, მაგრამ ხანდახან არ იციან, ვინ არიან. ასე იქცა ფერებით, სიყვარულით და სიხარულით სავსე ქალაქი შავ ლაქად დედამიწაზე. ერთხელ ტიფი და ლისინდრა გამწარდნენ, თბილისში ჩავიდნენ და მათი საშინელი ვითარება აუხსნეს, კიდევ ერთი შანსი  მისცეს, ქალაქი ისევ ააყვავეს და სიყვარულითა და სიხარულით აავსეს. და სახელი თბილისი შეუნარჩუნეს. ასე შეიქმნა თბილისი.


საბაზო - II ადგილი
სოფიო ნატროშვილი -  9-1 კლასი                                                       
ჩემი  ქალაქი
   ქალაქი მაგონებს აჩქარებულ ხალხს, ქაოსურად მოძრავ მანქანებს. ათასი ფიქრი ირევა ერთმანეთში, ხმები, ხასიათები. მაგონებს ფერებს, შეუხამებელ ფერებს. ერთ დღეში ხედავ უამრავ ადამიანს, უამრავ ტიპაჟს და  ფერს.
    ამ პაწუა ქალაქში ეტევა სიკეთე, სითბო, სიყვარული, სიტკბო...
   უამრავი პორტრეტი, უამრავი სახე ხვდება თვალებს. ოცნებების ნისლი, რომელიც უფრო და უფრო იზრდება; ფანტაზიების ქარიშხალი, ხასიათების მორევი კი აბსტრაქტულ ნახატს მაგონებს, რომლის აზრსაც ბევრი ვერ იგებს და ვერ წვდება.
    ფერების გორგალი ნელ-ნელა იშლება და ქაოსი ნელ-ნელა წყნარდება, როდესაც ცა იღებება მუქ ფერებში და ჩნდებიან პატარა სინათლეები - ვარსკვლავები. მზე ჩადის და მთვარე ამოდის, თან მოაქვს თავისებური სიწყნარე და, რა თქმა უნდა, სიზმრები. ქუჩებს ლამპიონებიდან გადმოღვრილი შუქი ანათებს, შენობების ფანჯრები ციმციმებს, ზოგი -   ყვითლად,  ზოგიც-  შავად.
       ოცნებებს ენაცვლება სიზმრები. აი ამ დროს კი ადამიანები უკვე გადადიან სხვა ქალაქში, რომელსაც ფანტაზიის ჩანჩქერი ალამაზებს, იქ ადამიანები სხვა ფერებში არიან. იქ ყველაფერი ბუნების საწინააღმდეგოდაა. ის არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანი თავის ფიქრებს, ფანტაზიასა და ოცნებებს აცოცხლებს.
       სანამ ხალხი ამ ქალაქში არის, ეს ქალაქი ისვენებს და აფარია შავი საბანი, პატარა თეთრი წინწკლებით, რომელიც მას სიმშვიდეს ჰგვრის. შემდეგ, როდესაც მთვარე და ყვითელი მზე გაცვლიან ადგილებს, გადაიხდის ამ საბანს და გამოფხიზლდება. ცასაც შეერევა ღია ფერები და გააქრობს პაწუა ვარსკვლავებს, რომელთა ადგილასაც ფუმფულა საყვარელი ღრუბლები მოვლენ. სიმშვიდეს შთანთქავს ხმები, განსხვავებული ხმები. შემდეგ ისევ ამოვარდება ფანტაზიის ქარიშხალი, ისევ შეიქმნება ოცნებების ნისლი და ფიქრების კორიანტელი.

   
საბაზო - I ადგილი
ლიზი ალღუზაშვილი   9-1 კლასი
ჩვენი ფერადი ქალაქი
 ...იმ დღეს ანიკა ზედმეტად იყო თავის ფიქრებში გართული. რომ მივუახლოვდი, შეეშინდა და გაოცებული სახით შემომჩივლა: „ასე ჩუმად როგორ მომეპარეო“. ცხადი იყო, რომ არ მელოდა. ერთად უნდა წავსულიყავით ჩემთან და ვთხოვე, ჩანთა სწრაფად აეღო.
      წამოვედით. გზაში სულ გაფაციცებით იყურებოდა აქეთ-იქით და გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა. ზოგადად ანიკა სულ ასეთი იყო, მუდამ თავის ფანტაზიებში გართული. იცით, სულ სხვა სამყარო ჰქონდა, ყველაფერს სხვადასხვაფრად ხედავდა და ყველაფერზე სხვანაირი შეხედულება ჰქონდა. მოკლედ, ანიკა სულ თავისებურად „გიჟი“ იყო.
      სახლში რომ მივედით, ჩაფიქრებული ჩამოჯდა ფანჯრის რაფასთან და კვლავ გაფაციცებით დაიწყო ყურება. თვალებს თითქოს  სევდიანად, მაგრამ დიდი ინტერესით აცეცებდა. ბოლოს უკვე  ანიკას ასეთმა ქცევამ ძალიან გამაკვირვა და  შევჩივლე:
- ანიკა, მეც აქ ვარ!
თავიდან არ გაიგონა ჩემი, ამიტომ მივედი და მხარზე ხელი დავადე. შეხტა და დაბნეულმა მკითხა: - რამე მითხარი?
თვალები დავხარე.  მივხვდი, რომ არ მისმენდა და ჩუმად ყოფნა ვამჯობინე. ცოტა ხანში თვითონვე დამიწყო საუბარი:
-         ელა, ჩვენი ქალაქი როგორია?
     გავოცდი, დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე. მოულოდნელად განაგრძო:
-         როგორი ფერია?- მკითხა და გატრიალდა.
  ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, განსაკუთრებული არაფრით არის და არც არასდროს ყოფილა. ის დღეც არაფრით იყო განსხვავებული, სუსხიანი დღე იყო და ყველაფერი მხოლოდ ნაცრისფრად იყო შეღებილი. ცოტა არ იყოს, დამაბნია, ვერ მივხვდი, რისი გაგება სურდა. მასში სრული ქაოსი იყო. ასე რომ, გადავწყვიტე, აეხსნა, რაზე ფიქრობდა და რა ტრიალებდა მის ტვინში:
   -ანიკა, ამიხსენი რა გჭირს? რაზე ფიქრობ მთელი დღეა? რაიმე გაწუხებს? თუ გაწუხებს, მითხარი, აქ არ ვარ?- მეტად გაცეცხლებულმა ვუთხარი, მაგრამ ის ფანჯარას მისჩერებოდა.
-ანიკა!- ახლა უკვე დავუყვირე. გამოტრიალდა და მშვიდი ხმით მომმართა:
  -ჰო, ელა, ჰო. ყველაფერი მესმის, გავიგე ყველაფერი. არ ფიქრობ, რომ ჩვენს ქალაქს ფერები აკლია? აი, წარმოიდგინე, რეალურად ახლა ქალაქს მხოლოდ ნაცრისფერი, სევდის ფერი ადევს, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ფერადია, სიკეთით სავსეა, სიცოცხლით სავსეა. ნუთუ არ შეიძლება, ყველასტვის ფერადი იყოს? ბედნიერების ფერი ედოს. ხომ კარგი იქნება?
  -ანიკა, როგორ უნდა იყოს სხვა ფერი, როდესაც სუსხია და ცივა?
  იყოყმანა ცოტა ხნით:
  -არა! შენ ვერ გამიგე. იცი რა, ელა? „ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე“. ჩვენი ქალაქი სხვა ფერია!

                                                                                                                                        
საშუალო - III ადგილი
მარიამ ოკმელაშვილი   -  11-3 კლასი
დღე
გათენდა მზიანი დილა.  რვა საათია. ანიტამაც გაახილა თვალები და გადახედა ფანჯრიდან მწვანე მინდორ-ველს, საიდანაც ჩიტების სასიამოვნო ჭიკჭიკი ისმოდა. აქა-იქ პეპლები დაფრინავდნენ. გაზაფხულის საამო სურნელი ოთახში აღწევდა.
სიმღერ-სიმღერით ადგა ჩვენი ცელქი ანიტაც. მოწესრიგდა, ჩავიდა ქვევით, დედას და ბებოს ტკბილად აკოცა, ისაუზმა და გაუდგა სკოლისაკენ მიმავალ გზას.
ანიტა ძალზე მხიარული, ლაღი , ზრდილობიანი, კეთილშობილი და, როგორც უკვე ვახსენეთ, ცელქი გოგონა იყო. ყველას ყოველთვის ესალმებოდა და, რაც შეეძლო, ყველაფერში ეხმარებოდა.
მას ძალიან უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები და კატები. როდესაც მათ მშიერს დაინახავდა, თავის მწირ ლუკმას უნაწილებდა ხოლმე.
შევიდა ანიტა სკოლის დიდ შენობაში. კიბეებიც სწრაფად აირბინა. საკლასო ოთახში შესვლისას კი ყველას მიესალმა.
პირველი გაკვეთილი დამრიგებლისა ჰქონდათ. მასწავლებელმა და ბავშვებმა გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა რაბათში. ანიტა ძალზე დამწუხრდა, რადგან იცოდა ოჯახისთვის მისი ექსკურსიაზე გაშვება შეუძლებელი იქნებოდა -  დედა  დიასახლისი იყო, ხოლო მამა ახალი წასული იყო სამუშაოდ სოფელში .
გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ანიტა მოწყენილი მიაბიჯებდა სახლისაკენ  გზაზე. თან ფიქრობდა. მას ძალიან უნდოდა რაბათში წასვლა და ამ საოცარი ადგილის მონახულება.
მივიდა სახლში. ისადილა და დამწუხრებული თავის ოთახში ავიდა.  აჰყვა დედაც. ანიტა მოუყვა დედას ექსკურსიის ამბავს. დედაც ძალიან დამწუხრდა. შვილს ვერაფერი უთხრა და დანაღვლიანებული გავიდა ოთახიდან.
მეორე დღეს ანიტა დამრიგებელმა გამოიძახა. მას ძალიან გაუკვირდა, რადგან ის საოცრად მოწესრიგებული მოსაწავლე იყო. მასწავლებლებსაც ძალიან უყვარდათ ანიტა . თამრიკო მასწავლებელმა ჰკითხა, რატომ ვერ მოდიოდა  ექსკურსიაზე. ანიტამ დიდი მორიდებით უამბო მას ყველაფერი. მასწავლებელს ჩაეღიმა და ანიტას უთხრა: ამის გამო ვერ მოდიხარ? შენ არაფერზე ინერვიულო, უკვე დაიწყე მომზადებაო. ანიტას ძალიან გაუხარდა, მასწავლებელს დიდი მადლობა გადაუხადა და მორიდებით გავიდა ოთახიდან.  ბედნიერი მიაბიჯებდა დერეფანში. გრძნობდა, რომ მის გვერდით ისინი იყვნენ, ვისაც მისი ბედნიერება სურდა. „სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი ... ადამიანისთვის ადამიანი დღეა“ ...


საშუალო - II ადგილი
ანა მორჩილაძე  - 11-3 კლასი
 ათინათი                                                                            
          დილის 6 საათია, მზის პირველი სხივები მოხვდებოდა ახლა არემარეს, მაგრამ წვიმს, უბრალო გაზაფხულის შხაპუნა წვიმა კი არაა, ჭექა-ქუხილია. ხმა იკლებს არემარეს. ასეთი ამინდი ავისმომასწავებელიაო ,  ამბობენ ხშირად, მაგრამ სულ როდია ასე. ამინდი ხომ ბუნების გამოძახილია, არა მარტო მიწიერი ბუნების, არამედ სულიერისაც. ადამიანის სულიერი მდგომარეობა და ბუნება განსაზღვრავს ამინდს. სწორედ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების განწყობა და მოქმედება განსაზღვრავს, ეს წვიმიანი დღე ავისმომასწავებელი იქნება, თუ-არა.                                  
          ეს  ქალაქი არაფრითაა გამორჩეული სხვებისგან. ისევე როგორც სხვაგან, ამ ქალქსაც ჰყავს ჭორიკინა მეზობლები, ბედნიერი და უბედური ოჯახები, გაჭაღარავებული და დანაოჭებული მოხუცები, რომელთაც ერთი შეხედვითაც კი შეატყობ, რა  გზა აქვთ გავლილი და წუთისოფლის ავბედითობამ რა კვალი დაამჩნია.
        მაღვიძარას ხმამ ყველა გააღვიძა. თითქოსდა ტრადიციასავით იყო, დილის 7 საათზე ყველანი ჭიქით ხელში აივნებზე იყვნენ გამოსული, ზოგი ჩაის სვამდა, ზოგი -  ყავას და უემოციოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ერთი შეხედვით, ამ სურათის შემყურე იფიქრებდა, რომ მათ ყველანაირი გრძნობა დაკარგული ჰქონდათ. ეს წვიმიანი ამინდი და ჭექა-ქუხილის ხმა  სულ უფრო და უფრო ამძაფრებდა ამ სურათს. მაგრამ ვინ იცის, თუ რა დარდი აწუხებდათ, რა ხდებოდა ასეთი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი ადამიანურ გრძნობებზე. ამის გასაგებად მხოლოდ ერთი ადამიანი იყო საჭირო, ის პირველი ადამიანი, რომელიც დაარღვევდა ამ ქალაქის სიჩუმეს და ისევ დააახლოვებდა მეზობლებს და ეს ყველაფერიც მოხდა.
          პირველად გამოვიდა  აივანზე 5 წლის სოფი, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა და სიხარულისგან სახლშიც ვეღარ ჩერდებოდა. აივანზე გამოსულს ეს ნაღვლიანი სურათი დახვდა, რამაც ჩააქრო მისი სიხარული. ბებოს და ბაბუს ჰკითხა, თუ რამ გამოიწვია ეს სევდა ყველა მაცხოვრებელში. ბაბუმ კალთაში ჩაისვა და პირი გააღო, მაგრამ ერთის სიტყვაც არ უთქვამს, არ კი არა, ვერ. კაცს, რომელმაც რა აღარ გავლო ცხოვრებაში, პასუხი არ ჰქონდა შვილიშვილის კითხვაზე, თუ რა სჭირდათ მაცხოვრებლებს. მაგრამ პატარა გოგოს არ სურდა პასუხის გარეშე დარჩენილიყო. სწრაფად ჩაირბინა საფეხურები და გარეთ გავიდა. პატარა გოგოს დანახვაზე სახეები ყველას შეეცვალა, თითქოსდა მათში მზრუნველობის გრძნობა გაჩნდა. დაირღვა სიჩუმეც, მხოლოდ ქუხილის ხმა ისმოდა, რომელიც ნელ-ნელა მცირდებოდა. ნუთუ ეს იყო ის, რაც შეცვლიდა ამ დღეს. აივნებიდან მეზობლები პლედებს ისროდნენ, ყველა ნერვიულობდა პატარა გოგონაზე. ამასობაში ბებია და ბაბუაც ჩამოვიდნენ და გულში ჩაიკრეს გაყინული შვილიშვილი. მცხოვრებლებიც შემოეხვივნენ, პატარა გოგომ კი მხიარულად თქვა:
 -დღეს ჩემი დაბადების დღეა!
       ამან ერთიანად გააოცა ყველა. თან გაამხიარულა ამ პატარა გოგოს სილაღემ. გაცინება და მზის გამოსვლა ერთი იყო. ამ დღის შემდეგ არასდროს ყოფილა ქალაქში ჭექა-ქუხილი.

საშუალო საფეხური - I ადგილი
თეკლა კობახიძე  - 12-1 კლასი
ფიქრიდან სიტყვამდე

ფიქრები დაქრიან ოთახში. აქეთ-იქით აწყდებიან. გარეთ გამოსვლას ცდილობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ. კარი ახლოსაა, მაგრამ ვერ გამოდიან. თითქოს ვიღაცას ჩაუკეტავს, შეიძლება თავადაც ჩაკეტეს, ან რაიმე უშლით გარეთ გამოსვლას, რაღაც აფერხებთ, მაგრამ რა? თავადაც არ იციან.
***
ერთმანეთის პირისპირ სხედან და ფიქრობენ. ორივე დუმს. სიტყვებს თავს ვერ უყრიან. რაღაცის თქმა სურთ, მაგრამ ვერ მოუხერხებიათ. ერთმანეთის დახმარება სჭირდებათ. იქნებ ამიტომ უჭირთ, სტკივათ, ესმით ერთმანეთის, მაგრამ უსიტყვოდ. სიტყვის თქმის დრო იქნებ ჯერ არ დამდგარა.
***
დარბიან, დაქრიან, ამსხვრევენ, ამტვრევენ, ურევენ ყველაფერს, გარეთაც ვერ გამოდიან, შეგნითაც არავის უშვებენ. ოთახი ხელში ჩაუგდიათ, თავიანთ ნებაზე არიან, ლაღად. აბა პატრონს ჰკითხონ. ვეღარ ასწრებს მათი დაყრილის ალაგებას. ტანჯავენ, ღლიან, აწამებენ, სულს უშფოთებენ. ხშირად სურს, დაუყვიროს, წადით ჩემი ოთახიდან არავის დაუპატიჟებიხართო. მაგრამ ვაი, რომ კარი ჩაკეტილია, ისევ ჩაკეტილია, ისიც რაღაცას ელოდება.
***
სხედან და ერთმანეთს უყურებენ. თან ფიქრობენ. სიტყვებით სავსე თვალები აქვთ. გრძნობენ, რომ მარტონი არ არიან. გრძნობენ, რომ რაღაც აქვთ საერთო, ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ ერთმანეთის სჯერათ. საიდუმლო აერთიანებთ, ამოუცნობი, თანდათან ხვდებიან ამას. ამ საიდუმლოს ეზიარებიან და...
***
ფიქრები გარეთ გამოდიან, ვიღაც ან რაღაც  ათავისუფლებს, ამასაც უჩნდება მიზეზი. ტყუილად ხომ არ გაუხსნიდნენ კარს?! რაღაც მოხდა, წყალივით მორბიან და სიტყვებად იქცევიან.
***
ადამიანები ალაპარაკდნენ და სიტყვად ქცეული ფიქრის ძალა იგრძნეს.                                                            

No comments:

Post a Comment